Legal

Consent to the processing of personal data

What we do with the data sent through the online form, why, and what you get to choose. Published in Georgian.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სს „ბიომი ჰოლდინგი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 402320993, მისამართი: ქ. თბილისი, აკ. ბელიაშვილის ქ. N 124, შემდგომში - „კომპანია“) წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს.

წინამდებარე დოკუმენტით თქვენ გაცნობებთ, თუ რა მიზნით და რა მოცულობით ვამუშავებთ იმ მონაცემებს, რომლებსაც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ ფორმის მეშვეობით გვიგზავნით, და გთხოვთ, შესაბამისი უჯრის მონიშვნით გამოხატოთ თქვენი ნება.

ფორმის შევსება შესაძლებელია როგორც ფიზიკური პირის, ისე იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირის სახელით ფორმის შევსების შემთხვევაშიც, თქვენ მიერ მითითებული საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და მუშავდება წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესით.

კომპანია აერთიანებს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების მიმართულებებს ერთ სრულ, ინტეგრირებულ სისტემად და მომსახურებას ახორციელებს სრული ციკლით: საინჟინრო კონცეფცია, პროექტირება, ტექნოლოგიების შერჩევა, მიწოდება და ლოჯისტიკა, მონტაჟი, გაშვება და გამართვა, სერვისი და ტექნიკური მხარდაჭერა. შესაბამისად, ონლაინ ფორმის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია მუშავდება იმისთვის, რომ დადგინდეს, აღნიშნული ეტაპებიდან რომელი მომსახურებაა თქვენთვის რელევანტური.

გაითვალისწინეთ: წინამდებარე დოკუმენტი ეხება მხოლოდ თქვენი განაცხადის განხილვასა და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ მონაცემთა დამუშავებას. სარეკლამო და საინფორმაციო შეტყობინებების მიღება რეგულირდება ცალკე დოკუმენტით - „თანხმობა მარკეტინგული მიზნებისთვის“ - და მასზე თანხმობის გაცემა ან უარი არანაირად არ იმოქმედებს თქვენი განაცხადის განხილვასა და კომპანიის მომსახურებით სარგებლობაზე.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ფინანსური/საგადასახადო დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, ინვოისი, სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვ.) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებისა და ატვირთვის მიზნით, კომპანია საგადასახადო კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, თქვენი დამატებითი თანხმობის გარეშე, დაამუშავებს თქვენს სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს.

მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები:

  • დასახელება: სს „ბიომი ჰოლდინგი“
  • მისამართი: ქ. თბილისი, აკ. ბელიაშვილის ქ. N 124
  • ტელეფონი: (+995) 322 15 11 15
  • ელ-ფოსტა: info@biomi.ge
  • ვებგვერდი: Biomi.ge

მონაცემთა კატეგორიები:

კომპანია, ონლაინ ფორმის მეშვეობით, თქვენი თანხმობის საფუძველზე დაამუშავებს შემდეგ მონაცემებს:

  • ა) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ასევე - მითითების შემთხვევაში - იმ კომპანიის დასახელება, რომლის სახელითაც მოქმედებთ;
  • ბ) განაცხადის შინაარსი: თქვენ მიერ არჩეული სერვისის ტიპი (საინჟინრო კონცეფცია, პროექტირება, ტექნოლოგიების შერჩევა, მიწოდება და ლოჯისტიკა, მონტაჟი, გაშვება და გამართვა, სერვისი და ტექნიკური მხარდაჭერა), ობიექტის ტიპი და მოთხოვნის ტექსტური აღწერა (მათ შორის ინფორმაცია ობიექტის, თქვენთვის საინტერესო სისტემებისა - გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგება - და პროექტის მიმდინარე ეტაპის შესახებ);
  • გ) დოკუმენტაცია: თქვენ მიერ ნებაყოფლობით ატვირთული ფაილები (PDF) და მათში ასახული ინფორმაცია - პროექტი, ნახაზები, ტექნიკური დავალება და სხვ.;
  • დ) კომუნიკაციის ისტორია: განაცხადის განხილვის ფარგლებში თქვენთან ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან სხვა საშუალებით განხორციელებული მიმოწერა/კომუნიკაცია;
  • ე) ტექნიკური მონაცემები: განაცხადის გამოგზავნის თარიღი და დრო, ასევე ის ტექნიკური მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ფიქსირდება ვებგვერდის უსაფრთხოებისა და არაკეთილსინდისიერი (სპამ) განაცხადებისგან დაცვის მიზნით.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები

განაცხადის განხილვა, დოკუმენტაციის დამუშავება და თქვენთან უკუკავშირი

მიზანი: თქვენი მოთხოვნის მიღება, განხილვა და თქვენი, როგორც განმცხადებლის, იდენტიფიცირება; თქვენთან დაკავშირება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით; თქვენ მიერ ატვირთული პროექტის, ნახაზების ან ტექნიკური დავალების შესწავლა; ობიექტისა და მოთხოვნის ტექნიკური შეფასება; საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე ვიზიტის ან შეხვედრის დაგეგმვა; ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტისა და კომერციული შეთავაზების მომზადება მომსახურების ნებისმიერ ეტაპზე - საინჟინრო კონცეფციიდან და პროექტირებიდან მონტაჟამდე, გაშვება-გამართვამდე და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერამდე.

  • ვეთანხმები, რომ კომპანიამ ჩემი განაცხადის განხილვის, ტექნიკური შეფასებისა და ჩემთან უკუკავშირის მიზნით დაამუშაოს ჩემი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, კომპანიის დასახელება, განაცხადში მითითებული ინფორმაცია და ჩემ მიერ ატვირთული დოკუმენტაცია.
  • არ ვეთანხმები, რომ კომპანიამ ჩემი განაცხადის განხილვის, ტექნიკური შეფასებისა და ჩემთან უკუკავშირის მიზნით დაამუშაოს ჩემი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, კომპანიის დასახელება, განაცხადში მითითებული ინფორმაცია და ჩემ მიერ ატვირთული დოკუმენტაცია.

შენიშვნა: აღნიშნულ პუნქტზე თანხმობა წარმოადგენს ფორმის გამოგზავნის აუცილებელ პირობას - მისი გარეშე კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს და განიხილოს თქვენი მოთხოვნა.

დოკუმენტაციის ატვირთვა ნებაყოფლობითია: თუ არ გსურთ პროექტის ან სხვა ფაილის გაზიარება, ატვირთვის ველი შეგიძლიათ ცარიელი დატოვოთ და თქვენი განაცხადი მაინც განიხილება - ამ შემთხვევაში შეთავაზება მომზადდება მხოლოდ ტექსტურად აღწერილი ინფორმაციის საფუძველზე.

თქვენი განაცხადება გამოგზავნილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:

ონლაინ ფორმის მეშვეობით დოკუმენტაციის ატვირთვით თქვენ ადასტურებთ, რომ:

  • უფლებამოსილი ხართ, გადმოსცეთ კომპანიას აღნიშნული დოკუმენტაცია;
  • თუ დოკუმენტაცია შეიცავს მესამე პირის (მაგალითად, ობიექტის მესაკუთრის, პროექტანტის, დამკვეთის ან თანამშრომლის) პერსონალურ მონაცემებს, თქვენ გაგაჩნიათ მათი კომპანიისთვის გადაცემის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

კომპანია ასეთ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ თქვენი განაცხადის განხილვისა და შეთავაზების მომზადების მიზნით. თავის მხრივ, კომპანია იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ გამოგზავნილი პროექტი და ტექნიკური ინფორმაცია განიხილოს კონფიდენციალურად და გამოიყენოს მხოლოდ წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისთვის.

მონაცემთა გადაცემა მესამე პირებზე:

თქვენი მონაცემები ხელმისაწვდომია კომპანიის მხოლოდ იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა სამსახურებრივი ფუნქციაც უკავშირდება განაცხადების განხილვასა და მომსახურების გაწევას.

გაცნობებთ, რომ ვებგვერდის ფუნქციონირებისა და ელექტრონული კომუნიკაციის ტექნიკურად უზრუნველყოფის მიზნით, თქვენი მონაცემები მუშავდება კომპანიასთან ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული ჰოსტინგის, ელექტრონული ფოსტის ან/და მომხმარებელთა ურთიერთობის მართვის სისტემის მომწოდებლის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ხოლო მარკეტინგული შეტყობინებების დაგზავნის შემთხვევაში - SMS/ელ-ფოსტის დაგზავნის პროვაიდერის მეშვეობით. აღნიშნული პირები მოქმედებენ კომპანიის მკაცრი ინსტრუქციების შესაბამისად და უზრუნველყოფენ მონაცემთა უსაფრთხოებას.

კომპანია არ ყიდის და არ გადასცემს თქვენს მონაცემებს სხვა მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მაგალითად, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს კანონიერი მოთხოვნა).

მონაცემთა შენახვის ვადა:

  • განაცხადის მონაცემები და ატვირთული დოკუმენტაცია, თუ თქვენთან ხელშეკრულება არ გაფორმდა, შეინახება განაცხადის გამოგზავნიდან 14 თვის განმავლობაში;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობის დასრულებიდან კანონმდებლობით დადგენილი ვადით (მათ შორის, საგადასახადო და საბუღალტრო დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულების ფარგლებში);
  • დამონტაჟებული სისტემის ტექნიკური და საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით - ობიექტისა და შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაცია შეინახება საგარანტიო ვადის ან/და სერვისული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში;
  • პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის - თქვენ მიერ თანხმობის გამოხმობამდე.

აღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან ანონიმიზირებული იქნება.

თქვენი უფლებები:

კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს, განმარტების ან დასაბუთების გარეშე, გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა (სრულად ან რომელიმე კონკრეტულ მიზანზე).

ასევე უფლება გაქვთ:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემებზე;
  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
  • მოითხოვოთ თქვენ მიერ ატვირთული დოკუმენტაციის წაშლა;
  • გაასაჩივროთ კომპანიის ქმედება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში.

თანხმობის გამოხმობის ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა (პირდაპირი მარკეტინგის შემთხვევაში).

თქვენი უფლებების რეალიზაციისთვის ან პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიას:

ტელეფონი: (+995) 322 15 11 15
ელ. ფოსტა: info@biomi.ge

თანხმობის დადასტურება:

ვებგვერდზე ონლაინ ფორმის შევსებისას შესაბამისი უჯრის მონიშვნა და ღილაკზე „გაგზავნა“ დაჭერა ადასტურებს, რომ თქვენ გაეცანით წინამდებარე დოკუმენტს და გამოხატეთ თქვენი ნება მასში მითითებული პირობების შესაბამისად.

თანხმობის გაცემის თარიღი და დრო ავტომატურად ფიქსირდება სისტემაში.

For questions about this document, please get in touch: info@biomi.ge · +995 322 15 11 15